თეგი: იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ერეკლე ღვინიანიძე აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. დღემდე მან უწყებაში არაერთი რეფორმა განახორციელა – შეიქმნა ციფრული არქივი; დაიწყო მუშაობა გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმაზე, სააღსრულებო წარმოების ციფრულ პროგრამაზე. ამ პროექტების დასრულების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობაში სრულად ციფრულ მმართველობას დანერგავს.

იუსტიციის სამინისტრო: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, ისარგებლოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე. მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო დახმარების გაწევასა და უფლებების დაცვაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას  

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული პირველი შეთანხმებაა, რომელიც კომპლექსურად არეგულირებს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მოსახლეობის მიმოსვლის საკითხებს. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და შვეიცარიის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა (ფედერალურმა მრჩეველმა) კარინ კელერ სუტერმა. ,,ეს არის პირველი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ ლეგალური მიგრაციის განვითარებას. გვქონდა ძალიან საინტერესო, გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრა. უკვე ივნისის თვიდან ჩვენ გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ქართული დელეგაცია ეწვევა შვეიცარიის კონფედერაციას და დავიწყებთ თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც მიგრაციის, ასევე ყველა სხვა იმ მიმართულებით, რომელზეც პასუხისმგებელი არის იუსტიციის სამინისტრო“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ლეგალური მიგრაციის პროგრამების წახალისებას; მიგრანტთა უფლებების დაცვის გაძლიერებას, უზრუნველყოფს მიგრაციული გადაადგილების მართვასა და არალეგალური მიგრაციის პრევენციას. რატი ბრეგაძემ და კარინ კელერ სუტერმა განიხილეს მიმდინარე პროექტები და ინიციატივები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერებისა და სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების კუთხით. ამ სფეროებში თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.

იუსტიციის სამინისტრო: წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათივე ცნობით, კომიტეტი დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. „2022 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტისშემდგომი ანგარიში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომენტარებთან ერთად. CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას. ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს. ევროპული კომიტეტის დადებითი შეფასება მიიღო პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემამაც; კერძოდ, CPT-ის ანგარიშის მიხედვით, სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომია გადამდებ დაავადებათა კონსულტაცია და მკურნალობა. კომიტეტის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მიერ პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-ის მართვის პრაქტიკამ, რის შედეგადაც, პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება. რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, მათი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია ან ასახულია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ 10-წლიან სტრატეგიაში; კერძოდ, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობების, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე. ევროპულ კომიტეტს უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ 2021 წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიება განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 2151-მა პატიმარმა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში ქალი პატიმრების გამარჯვება. ასევე, CPT-ის ვიზიტის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში დამტკიცდა სპორტის მართვის ახალი სისტემა, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს პროფესიონალი ინსტრუქტორები მოამზადებენ. სპორტული მოედნები განახლდა №5, №14, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში; ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ; დასაქმებულია 1000-ზე მეტი პატიმარი და ეს რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. ევროპული კომიტეტის კიდევ ერთი რეკომენდაციაა პატიმრებს შორის ძალადობის შემცირება/პრევენცია და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა. CPT-ს მიეწოდა ინფორმაცია, რომ პატიმრებს შორის ძალადობის ან ერთმანეთზე ზემოქმედების ნებისმიერ მცდელობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახური ახდენს მყისიერ რეაგირებას. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება რისკებისა და საჭიროებების შეფასება, რის შედეგადაც ხდება ცალკეული პატიმრის გადაყვანა მაღალი რისკის დაწესებულებებში. შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, იწყება გამოძიება და ხდება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდება ახალი პენიტენციური დაწესებულებების ამოქმედებისა და არსებული დაწესებულებების უფრო მეტად განტვირთვის შემდეგ; კერძოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელიც 700-მდე პატიმარზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას, ეს პროცესი დაწყებულია. ამასთან, დასაქმებულთა პირობები ეტაპობრივად უმჯობესდება. CPT-მ ითხოვა ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ცალკეულ ინციდენტთან დაკავშირებითაც, რაც იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დადგენილ ვადაში მიეწოდა. ევროპული კომიტეტი განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს იუსტიციის მინისტრის მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს როგორც CPT-თან, ისე სახალხო დამცველთან. საქართველოს პენიტენციური სისტემის ღიაობას დამატებით ადასტურებს CPT-ის ანგარიშის გამოქვეყნება, რაც იუსტიციის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე განხორციელდა. პენიტენციური სისტემის რეფორმა აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება CPT-ის რეკომენდაციები. უკვე განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის მაღალ სტანდარტს. CPT-ის დელეგაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2021 წლის 17-24 მაისს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა ოთხი პენიტენციური დაწესებულება (№2, №14, №15 და № 17)“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.  

სტრასბურგის სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა - იუსტიციის სამინისტრო

მიმდინარე წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „მომჩივანი – ბაჩანა ახალაია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ 2012-2014 წლებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას – 9 თვეს. მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) კონვენციის მე-18 მუხლთან (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) ერთობლიობაში). ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არ ყოფილა გამოძიების განზრახ გაჭიანურება ან რაიმე თვითნებობა საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს. რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია, ასევე დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.  

იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობა დაიწყო

პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი განხილვა უწყებათაშორის ფორმატში იუსტიციის სამინისტროში დღეს გაიმართა. პროცესის ფარგლებში მოხდება სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაცია; გადაისინჯება როგორც საკანონმდებლო აქტის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე. შედეგად, მოხდება სრულიად ახალი პატიმრობის კოდექსის პროექტის შემუშავება და საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირება. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო რეფორმის პირველ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი და ცვლილებების საკუთარი ხედვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს − კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს –  აგრეთვე, მომდევნო ფაზაში, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მისიებს სამინისტრო შესაბამის სამართალშემოქმედებით პროცესში აქტიურ მონაწილეობას სთავაზობს. განსაზღვრულ ვადებში მოხდება მოსაზრებებისა და წინადადებების გაცვლა, ინტენსიურ რეჟიმში გაიმართება სამუშაო შეხვედრები. სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარება და პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნის რეალიზებისთვის უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები − დაფუძნდა სამართლებრივი სამეცნიერო ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის მეორე ნომერი უკვე მზადაა გამოსაცემად; იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობისათვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებით, რომლის ფარგლებში, ჯამში, 14 პროექტი დაფინანსდა; უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, შესაბამისი მემორანდუმები უკვე არაერთ უნივერსიტეტთან გაფორმდა. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილე და სხვა მოწვეული სტუმრები.  

იუსტიციის სამინისტრო სამხარაულის ბიუროს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართავს

იუსტიციის სამინისტრო სამხარაულის ბიუროს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის „კომპლესური ექსპერტიზის“ ჩატარების თხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა  როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვე იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. გვსურს მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე გორში. მთელს ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან ის გაეწია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.  

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში საქართველოს კვოტით ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეირჩა

ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში  (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატი შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, CEPEJ-სა და CCJE-ში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადებულ საჯარო კონკურსში CEPEJ-ში წევრობის მიზნით ექვსმა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, ხოლო CCJE-ის კონკურსში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევის შემდგომ, გასაუბრების ეტაპზე, სამი კანდიდატი გადავიდა და ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კვოტით წარსადგენ კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეარჩია. "ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში  (CCJE) ქეთევან ცინცაძე საქართველოს კვოტით ხუთი წლის ვადით იქნება წარდგენილი. CEPEJ თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების, ამასთან, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის მიზნით; კომისიის წევრი ექსპერტების საქმიანობის მიზანს კი, კომისიის ფუნქციების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს. CCJE-ის წევრი მოსამართლეები მუშაობენ სამართლის უზენაესობის, ევროპული სტანდარტების დანერგვის, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის ზრდის, აგრეთვე, მათი სამოსამართლო საქმიანობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიმართულებით. ეროვნულ დონეზე კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესაბამისად, CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილებით. საგულისხმოა, რომ ამ დადგენილების მიღებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

იუსტიციის სამინისტრო: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - დეპორტირებულების საქმის" განხილვას 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მკაცრი შუალედური რეზოლუცია მიიღო, - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბრის დებატებზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ (ე.წ. „დეპორტირებულების საქმე“) განიხილა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს მათივე ცნობით, სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა განსახილველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და გამოთქვა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება გადაწყვეტილების აღსრულების უპირობო ვალდებულება. ამასთან, როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრთა კომიტეტის დებატების ფარგლებში დელეგაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების აღუსრულებლობა და სრულად გაიზიარა საქართველოს წარმომადგენლების პოზიცია. „რეზოლუციის ფარგლებში, კომიტეტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადაიხადა ევროპული სასამართლოს მიერ დაზარალებულებისთვის მიკუთვნებული თანხა. მინისტრთა კომიტეტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება განსაკუთრებით აზიანებს დაზარალებულთა ინტერესებს. ქართული მხარის ინიციატივით, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ ყველა საშუალება საქმის აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან კომიტეტმა გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ რუსეთისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის პირობებში, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგიის შემუშავება, ყველა წევრი სახელმწიფოს ჩართულობით და დაავალა კომიტეტის სამდივნოს, წარადგინოს შესაბამისი შეთავაზებები და ხედვა განსახილველი საქმის აღსრულების თაობაზე შემდეგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში გაიმართება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთის მთავრობას დაეკისრა ქართული მხარისათვის 10 000 000 ევროს გადახდის ვალდებულება იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წელს რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლი გახდნენ. თუმცა, მიუხედავად ქართული მხარისა და მინისტრთა კომიტეტის ძალისხმევისა, რომელიც 2021 წლის ბოლოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა, რუსეთს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია. ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.  

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს „2009 წლიდან მას ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა: 12.2021 - 09.2022 წლებში - სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 08.2015-12.2021 წლებში - სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (08.2015-08.2016 წლებში - მოვალეობის შემსრულებელი); 05.2014-05.2016 წლებში - სააგენტოს მონაცემთა და ინფორმაციის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი; 02.2014-04.2014 წლებში - სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეგიონული განვითარების სამსახურის იურისტი; 02.2010-01.2014 წლებში - სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის იურისტი; 11.2009-01.2010 წლებში - სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი; 08.2009 – 10.2009 წლებში - სააგენტოს იურიდიული სამსახურის სტაჟიორი. დავით დევიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრი). ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით. გავლილი აქვს იურიდიული და სოციალური მიმართულების სხვადასხვა ტრენინგი: ამოცანებზე ორიენტირებული თანამშრომლობა, სამეწარმეო სამართალი, შეფასების სისტემა, სამართლებრივი წერა, ტრენერთა ტრენინგი, მოლაპარაკების უნარები, მედია სპიკერის უნარები, პრეზენტაციული უნარები, ლიდერობა, კომუნიკაცია, ზოგადი მენეჯმენტი და სხვა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას ბათუმის იუსტიციის სახლშიც უმასპინძლა. ფიქრათ მამადოვი იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასა და მობილურ იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო. ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ბათუმში წელს პირველად ტარდება საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით. მისი მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება. საქართველო და აზერბაიჯანი ღონისძიებას მორიგეობით უმასპინძლებენ.  

ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება

2026 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი. ამასთან, ცვლილებებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება, ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური დაწესებულების დებულებით, დაწესებულებაში სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს. ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. 2024 წლიდან კი, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება.

იუსტიციის სამინისტრო: არასწორია განცხადება, თითქოს სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის ქვეყნების ელჩების მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, - ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა. საგანგებოდ ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: „გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში", - ნათქვამია განცხადებაში. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.  

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა.  „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში", სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ნებართვის ოფიციალური დოკუმენტი მას ჯერჯერობით არ უნახავს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულს - იუსტიციის სამინისტრო

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად ცნო „საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობის კომპლექსური სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები გაიგზავნა 2021 და 2022 წლებში, მათ შორის მასალა ეროვნული არქივებიდან; საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ რუსეთის ფედერაციის დარღვევების შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაცია და სტატისტიკა; ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის შესაბამის საქმეებზე; საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები; სეპარატისტი დე ფაქტო „ხელისუფლებების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები (ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე). აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის ყველა პრეტენზია“, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ დასაშვებობის დადგენის შედეგად, ე.წ. განრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე. „სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაშვებობის ეტაპისთვის არსებობს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები: მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები, დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება). აღსანიშნავია, რომ მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს და განხილული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად ამ საქმეების ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში, სადაც საქართველოს მთავრობა ერთვება მესამე მხარედ და წარადგენს სამართლებრივ პოზიციას მომჩივანთა მხარდასაჭერად. დასაშვებობის დადგენის შედეგად, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე, სადაც სასამართლო შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასაჩივრებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ და კონკრეტულ დარღვევებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – ნათქვამია განცხადებაში.  

2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - იუსტიციის სამინისტრო

2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. „2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 20 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს. საქართველოს მთავრობა კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში, რის თაობაზეც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.  

იუსტიციის სამინისტრო: დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით დაწყებულია წარმოება. სამინისტროს ცნობით, დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ელოდება  

იუსტიციის სამინისტრო: სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით,სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან,“ - წერია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. იუსტიციის სამინისტრო: დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ელოდება  

კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის (სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი) ერთი პირი დააკავა. იუსტიციის სამინისტრო სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა